ახალი ამბები

თურქეთში სარვამარტო მარშის მონაწილეები “ერდოღანის შეურაცხყოფისთვის” დააკავეს

12 მარტი, 2021 •
თურქეთში სარვამარტო მარშის მონაწილეები “ერდოღანის შეურაცხყოფისთვის” დააკავეს

თურქეთში სარვამარტო მარშის მონაწილე ქალები მათ მიერ გახმიანებული სლოგანების გამო დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მათ ედავენიან პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფას. ისინი მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.

პოლიციამ ოპერაცია 11 მარტს, ღამის საათებში ჩაატარა. ჯამში, გამოძიება 18 აქტივისტით დაინტერესდა, რომელთაგან 13 დააკავეს, 5 კი დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატების ინფორმაციით, ქალების უმრავლესობა საკუთარი სახლებიდან აიყვანეს.

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქტივისტები მათ მიერ გახმიანებული სლოგანების გამო დააკავეს, სტამბოლის გუბერნატორმა დაადასტურა. ოპოზიციონერი დეპუტატის, მერალ დანიშ ბეშთაშის ცნობით კი, მათ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფას ედავებიან. სადავო სლოგანებს შორისაა “თაიფ, გაიქეცი, ქალები მოდიან!” და “გადახტი! ვინც არ გადახტება, თაიფია”.


თურქული Bianet-ის თანახმად, ქალები უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვთ. ამასთან, გამოძიება გრძელდება.

საპროტესტო დემონსტრაცია, სახელწოდებით “ფემინისტური ღამის მარში”, სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს გაიმართა.

თურქეთის ხელისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, არაერთგზის აკრიტიკებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიებების გამო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირას მთავრობის “სამოქმედო გეგმაზე” ისაუბრა და თქვა, რომ ის მოიცავს სიტყვის თავისუფლების, ასევე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელშეწყობასაც. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, გეგმა ვერ პასუხობს თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი