ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გენადი ბეკოევი ცხინვალში დე ფაქტო პრემიერად აირჩიეს

12 მარტი, 2021 • 1231
გენადი ბეკოევი ცხინვალში დე ფაქტო პრემიერად აირჩიეს

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა დღეს, 12 მარტს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი ბეკოევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ბეკოევის კანდიდატურა დე ფაქტო პარლამენტს დასამტკიცებლად ანატოლი ბიბილოვმა წარუდგინა.

ცხინვალის პარლამენტში სულ 34 წევრია. აქედან 18 დეპუტატი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 16-მა დეპუტატმა, მათ შორის 14-მა ხმა ბეკოევის სასარგებლოდ მისცა, ხოლო ორმა დეპუტატმა, ალექსანდრე ფლიევმა და ზაზა დრიაევმა, თავი შეიკავა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დეპუტატმა დავით სანაკოევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეკოევის კანდიდატურა არ შეიძლებოდა განხილულიყო, რადგან პარლამენტში წარდგენის დროს მას ეკავა “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის” დირექტორის თანამდებობა, რომელიც კერძო კომერციული კომპანიაა და ადგილობრივი დე ფაქტო კანონმდებლობით, კერძო კომპანიის ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრეობა არათავსებადია, თუმცა ამ განცხადებას უპასუხა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალან გაბატმა [გაბატოევმა], რომლის მიხედვითაც, აღნიშნული საკითხი საპარლამენტო სხდომაზე უკვე განხილული იყო მათ შორის გენადი ბეკოევის მონაწილეობით და ბეკოევი მზადაა უპასუხოს ყველა არსებულ კითხვას.

საბოლოო კენჭისყრაზე ბეკოევის კანდიდატურას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 11-მა მისცა ხმა. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

გენადი ბეკოევი 39 წლისაა, იგი ცხინვალში დაიბადა.

1998 წელს დაამთავრა ცხინვალის მე-6 საშუალო სკოლა. 2003 წელს დაასრულა ცხინვალის უნივერსიტეტი მატემატიკოსის სპეციალობით. 2003-2004 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში, იმავე წლის ბოლოდან კი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

2007 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა დე ფაქტო ეკონომიკის განვითარების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.

2014 წელს აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად პარტია “ერთიანი ოსეთიდან”.

2018 წელს გახდა დე ფაქტო პრემიერის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი