საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა კრისტიან დანიელსონს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.
პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები, ამ ვითარებაში საჭიროა, შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთო-მ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ყოველთვის წარმოადგენდა დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო.