ახალი ამბები

ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – კოალიცია

11 მარტი, 2021 •
ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – კოალიცია

“გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ”, – ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც ეხება პროკურატურის გეგმას, ტვ პირველიდან ინფორმაცია ამოიღოს.

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა. ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წლის 11 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 -ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა.

საქმე შეეხება „TV პირველის“ მიერ 2021 წლის 06 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ, ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ”, – ნათქვამია კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი