ახალი ამბები

ფრანგი პედაგოგის მკვლელობის საქმე: მოსწავლე აღიარებს, რომ იცრუა

11 მარტი, 2021 •
ფრანგი პედაგოგის მკვლელობის საქმე: მოსწავლე აღიარებს, რომ იცრუა

მოციქულ მუჰამადის კარიკატურის ჩვენების გამო ფრანგი მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ფრანგული მედიის თანახმად, 13 წლის მოსწავლემ, რომლის მონაყოლიც პატის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებლად იქცა, აღიარა, რომ იცრუა და საერთოდ არ დასწრებია გაკვეთილს, რომელზეც მასწავლებელმა მოციქულის კარიკატურა უჩვენა ბავშვებს.

როგორ მოხდა მკვლელობა და რა უძღოდა მას წინ

ფრანგი პედაგოგი სამუელ პატი 18 წლის ტერორისტმა გასულ წელს მოკლა. ტრაგედიამდე 10 დღით ადრე სამუელ პატიმ ჩაატარა გაკვეთილი “დილემებზე”, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს ფრანგულ სატირულ ჟურნალზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და აჩვენა მუჰამადის კარიკატურა, რომელიც თავდასხმის მიზეზი გახდა. როგორც ცნობილია, მან მუსლიმ მოსწავლეებს უთხრა, რომ თვალები დაეხუჭათ ან მცირე ხნით გასულიყვნენ გარეთ, თუ არ სურდათ აღნიშნულის დანახვა.

თუმცა 13 წლის მოსწავლემ მამამისს ისტორია სხვაგვარად უამბო. მისი ვერსიით, მასწავლებელმა მუსლიმ სტუდენტებს მოსთხოვა, დაეტოვებინათ საკლასო ოთახი, ვინაიდან აპირებდა, კლასისთვის “მოციქულ მუჰამადის შიშველი ფოტო” ეჩვენებინა. ბავშვმა თქვა, რომ როდესაც სამუელ პატის შეეწინააღმდეგა, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესიდან მოხსნა.

მოსწავლის მამამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც სამუელ პატის აკრიტიკებდა, ადანაშაულებდა დისკრიმინაციაში და მოითხოვდა მის გაშვებას სკოლიდან. აღნიშნულს მოჰყვა კამპანია სამუელ პატის წინააღმდეგ, რის შემდეგაც, 2020 წლის 16 ოქტომბერს, მას ისლამისტი ტერორისტი დაესხა თავს და თავი მოჰკვეთა. ტრაგედიას ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც საფრანგეთში, ისე მთელ მსოფლიოში.

რას ჰყვება 13 წლის მოსწავლე ახლა?

საქმესთან დაკავშირებულ ახალი გარემოებები ფრანგულმა მედიამ მიმდინარე დღეებში გაასაჯაროვა. ამ ცნობებით, 13 წლის მოსწავლემ, რომელმაც მამამისს კარიკატურის ამბავი აუწყა, გამოძიების წინაშე აღიარა, რომ ხსენებულ გაკვეთილზე საერთოდ არ ყოფილა.

“მე კარიკატურები არ მინახავს, ჩემმა კლასელმა გოგომ მაჩვენა ისინი”, – უთხრა მან გამოძიებას, მედიის თანახმად.

ფრანგული და სხვა გამოცემები ასევე წერენ, თუ რატომ შეიძლებოდა, ეცრუა მოსწავლეს. “ლე პარისიენის” ცნობით, ბავშვი საბედისწერო გაკვეთილამდე  რამდენიმე დღით ადრე მართლაც მოხსნეს საგაკვეთილო პროცესიდან, თუმცა ეს მის ყოფაქცევასთან იყო დაკავშირებული: კერძოდ, ხშირ გაცდენებთან.

გამოცემის ცნობით, ბავშვი ვერ გაბედავდა, სკოლის ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი გაემხილა მამისთვის, რის გამოც ხსენებული ისტორია შეთხზა და საგაკვეთილო პროცესიდან მოხსნის ამბავი სამუელ პატის დაუკავშირა. გაჟონილ ჩვენებაში ის მართლაც ამბობს, რომ არ უნდოდა, მამისთვის იმედი გაეცრუებინა და ამიტომ მოიგონა ეს ამბავი.

მეორე მხრივ, მისი ადვოკატი მბეკო ტაბულა ამბობს იმასაც, რომ სხვა მოსწავლეებმა ბავშვს სთხოვეს, ყოფილიყო მათი ერთგვარი “სპიკერი”, რის გამოც იცრუა და თქვა, რომ თავადაც ესწრებოდა ხსენებულ გაკვეთილს.

“არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს გზავნილებს ტერორისტები ნახავდნენ”

ადვოკატის თქმით, მომხდარი ტრაგედია 13 წლის გოგოს კისერზე არ უნდა გადავიდეს, ვინაიდან მასწავლებლის საწინააღმდეგო კამპანია მამამისის ვიდეოებით დაიწყო.

“ჩემმა კლიენტმა იცრუა, თუმცა კიდეც რომ სიმართლე ეთქვა, მამამისის რეაქცია მაინც არაპროპორციული იყო”, – ციტირებს იურისტს “გარდიანი”.

თავად გოგოს მამა, 48 წლის ბრაჰიმ ჩნინა, ამბობს,რომ “გულწრფელად ნანობს” მომხდარს და თავის საქციელს “სულელურსა და იდიოტურს” უწოდებს.

“არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს გზავნილებს ტერორისტები ნახავდნენ. არავის დაზარალება მსურდა ამ გზავნილებით. რთული წარმოსადგენია, როგორ მოვედით აქამდე, როცა დავკარგეთ ისტორიის პროფესორი და ყველა მე მადანაშაულებს”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი