ახალი ამბები

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ოცეული გაემგზავრა

10 მარტი, 2021 •
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ოცეული გაემგზავრა

10 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით 6 თვის ვადით გაემგზავრნენ.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ.

ოცეული აფრიკაში ქართველმა და ევროპელმა სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებმა გააცილეს.

ამჟამად საქართველო აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ-სამშვიდობო მისიაში 20-კაციანი პერსონალითაა წარმოდგენილი.

რატომ მიემგზავრებიან ქართველი სამხედროები აფრიკაში 

“მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრულირება, კონვოირება და გაცილება იქნება”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი სამხედროები აფრიკაში ევროკავშირის “EUTM RCA” მისიაში მონაწილეობენ, რაც აბრევიატურიდან ითარგმნება, როგორც “ევროკავშირის სწავლების მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”. პროგრამა 2 წლის ვადით, ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნის შედეგად, 2016 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ კი 3-ჯერ გახანგრძლივდა. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის მესამე ეტაპი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

პროგრამის მიხედვით, მოკავშირე ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებიან მოდერნიზებული, ეფექტური, ეთნიკურად დაბალანსებული და დემოკრატიულად ანგარიშვალდებული არმიის შექმნაში. პროგრამა რეკომენდაციების კომპონენტით, ოპერაციული წვრთნებითა და განათლებით, ითვალისწინებს რეფორმების გახორციელებას თავდაცვის სექტორში.

მისიის ბიუჯეტი 37 მილიონი ევროა. მასში მონაწილეობენ ბოსნი- ჰერცოგოვინა, ბრაზილია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, ესპანეთი და შვედეთი.

გარდა EUTM RCA-სა, აფრიკის რესპუბლიკაში გაეროსა და ევროკავშირის სხვა მისიებიც ფუნქციონირებენ, რომელთა მიზანიც მშვიდობის მშენებლობა და ინსტიტუციური აღმშენებლობაა.

საქართველოს ძალები აღნიშნულ პროგრამამდე EUFOR RCA-ს [ევროკავშირი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის] პროგრამაში 100-კაციანი სამხედრო კონტიგენტით მონაწილეობდა.

რა ხდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი უკვე 8 წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება. ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ უფრო მეტი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად, ან დატოვა ქვეყანა და თავი მეზობელ კონგოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეაფარა.

ამჟამად სამოქალაქო ომში ერთმანეთს ებრძვიან მოქმედი პრეზიდენტის, ფოსტენ არშანჟ ტუადერასა და ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ბოზიზეს მხარდამჭერები, ასევე, მუსლიმურ გაერთიანება სელეკაში შემავალი ჯგუფები, რომლებიც ასევე ებრძვიან ერთმანეთსაც, ქრისტიანული ანტიბალაკას ძალები და ტომობრივ თუ პროფესიულ ნიადაგზე შექმნილი დაჯგუფებები.

სამოქალაქო ომში სხვადასხვა ჯგუფს შორის პერიოდულად იქმნება ალიანსები, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ევროკავშირის, კონკრეტულად კი საფრანგეთის მხარდაჭერა აქვს ამჟამად მოქმედ მთავრობასა და პრეზიდენტ დოსტენ არშანჟ ტუადერას. შესაბამისად, ქართული ძალებიც სწორედ ტუადერას მთავრობის სამხედრო გაძლიერებასა და მის მიერ კონტროლირებადი დედაქალაქის ბანგის პატრულირებაში მონაწილეობენ.

მთავრობა ამ დროისთვის ძირითადად ქვეყნის მხოლოდ დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს.

სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას უწევენ რუსი კერძო ინსტრუქტორებიც. დამოუკიდებელი დასავლელი შემფასებლების აზრით, რუსეთის ჩართულობა კონფლიქტში ქვეყნის რესურსებზე წვდომითა და საკუთარი გავლენების მოპოვების სურვილით აიხსნება.

ფოტო გარეკანზე: ქართველი სამხედროების გამგზავრების ცერემონია/თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი