ახალი ამბები

პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები შევამჩნიეთ – დეკანოზი მიქაელი მარტვილის ინციდენტზე

9 მარტი, 2021 • 1105
პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები შევამჩნიეთ – დეკანოზი მიქაელი მარტვილის ინციდენტზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტში პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები მონაწილეობდნენ.

როგორც დეკანოზი ამბობს, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ამბავი იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული.

“ჩვენ შევამჩნიეთ იქ არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები. ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და ამის მტკიცებულებებს ჩვენ წარმოგიდგენთ, რომ იქ არ იყვნენ მხოლო ეკლესიის ინტერესებით დაკავებული ადამიანები, იქ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც იყვნენ[…] ჩვენ დავინახეთ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. ეკლესიის წინამძღვრის, ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრის მცდელობისას ისინი არცერთ შემთხვევაში არ ავლენდნენ საეკლესიო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. როდის დაგინახავთ, რომ ეკლესიის მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს? ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში”, — განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მანამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომ მარტვილში მრევლის პროტესტს სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ედგა.


როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მოაჯირის მონგრევამდე მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი