ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

9 მარტი, 2021 • 392
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ფარულავამ “მთავარ არხს” უთხრა, ისინი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას აპროტესტებენ, როცა უწყებამ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო. აქტივისტის შეფასებით, ეს არის ზეწოლა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე:

“შერჩევითი სამართალი და პირდაპირი ზეწოლაა კრიტიკულ მედიაზე. პირდაპირ არის ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამხელენ სისტემასა და მის სახეს. სისტემა არის მამაშვილურ-კლანური. ყველამ იცის, რომ მსგავსი მმართველობა კრიმინალური მენტალობის მქონეა, ანუ როდესაც მმართველის შვილის ხუშტურებს თუ ვინმე არ დაემორჩილება, ის აუცილებლად დაისჯება. ამისთვის იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. დღეს როცა აქ ვდგავართ, შეიძლება ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე იყოს მსგავსი მუქარის მსხვერპლი.”

აქციის კიდევ ერთი მონაწილე და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ გამოძიებით ასევე უნდა დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობახც, ხოლო გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ კი არ უნდა დაიწყოს, რომელთაც ეს ჩანაწერი გაავრცელეს, არამედ ჩანაწერებში მონაწილე სავარაუდო პირების მიმართ.

“ამ კონკრეტულ საქმეზე [ფარული ჩანაწერების გავრცელება] დამატებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ გამოიძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე უნდა დამტკიცდეს, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი და შემდეგ დაიწყოს გამოძიება, თუმცა გამოძიება უნდა იყოს არა “ტვ პირველის” და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც ეს გამოაჩინეს, რადგან ჟურნალისტურ ეთიკაშიც და კანონმდებლობაშიც ჯდება, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობის, მუქარის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მცდელობაში შეიძლება დავადანაშაულოთ ამ ჩანაწერების მიხედვით.”

დღეს, 9 მარტს,  პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს შეიცავს, გამოძიება ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების მუხლით დაიწყო.

6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, ტელეარხის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. მისივე ცნობით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი