ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ორი ოკუპანტი და ერთი ისტორია

26 თებერვალი, 2021 • 1424
ორი ოკუპანტი და ერთი ისტორია

ავტორი: დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი


25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა. ოფიციალურმა მეხსიერების პოლიტიკამ ამ დღის გახსენებას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭა. ის, როგორც შინაარსობრივად ასევე ქრონოლოგიურად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინტელექტუალები ამ თარიღს ხშირად იყენებენ ოპონენტებთან ბრძოლის, დადანაშაულებისა თუ მოწინააღმდეგეთა მარგინალიზაციისათვის.

ამ დღემ, სიმბოლურ პოლიტიკას, როგორც ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილ აქტს, კვლავწარმოების ახალი მასშტაბები შესძინა.

საბჭოთა პერიოდში ეს თარიღი საქართველოს გასაბჭოების დღედ აღინიშნებოდა. 1922 წლიდან დაწყებული სსრკ-ს არსებობის ბოლო წლამდე, განსხვავებული მასშტაბებით და შინაარსით ხდებოდა მისი გახსენება. ისტორიით მანიპულაცია არც მაშინ აკლდა და 68 წლის განმავლობაში ის განსხვავებულად ინტერპრეტირდებოდა. ქართველი პოეტები ლექსებსაც უძღვნიდნენ ამ დღეს და საზეიმო ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ.

25 თებერვალი
 გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს 
გაზაფხული ხარ.” 

მურმან ლებანიძე

25 თებერვლის აღნიშვნა მთელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხდებოდა, მათ შორის ავტონომიურ ერთეულებშიც. სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ოფიციალურ პირებს პრაქტიკულად არასდროს მოუთხოვიათ, რომ გასაბჭოების დღედ სხვა თარიღი აღენიშნათ.

აი, აფხაზეთში კი ეს მოთხოვნები ხშირად ისმოდა. საბჭოთა დროს აფხაზეთში გამომავალი გაზეთები 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოებაზე წერდნენ, 4 მარტს კი აუცილებლად აღნიშნავდნენ აფხაზეთის გასაბჭოებას. რეალურად ორ თარიღს აღნიშნავდნენ – რესპუბლიკურსა და ავტონომიურს. ეს ერთგვარი დემონსტრირება იყო, თბილისის მიერ დაწესებულ საბჭოთა დღესასწაულის ბოლომდე არ აღნიშვნის.

არის კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი, რომელიც წარსულის გააზრებასთან არის დაკავშირებული და რომელიც ჩვენთან არსებული ისტორიის ერთმნიშვნელოვან ახსნაში არ ჯდება. ესაა პროტესტები საბჭოთა საქართველოში და მათი ძირითადი ადრესატი.

1921 წლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე აჯანყება და პროტესტი იყო. მასშტაბები, მოთხოვნები, მონაწილეთა სოციალური სტატუსი და სასჯელიც კი ძალიან მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი იყო. 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობის შინაარსი და გვიან საბჭოთა პერიოდის, ან თუნდაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებული საპროტესტო მოძრაობების იდეები რადიკალურად განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან ურთიერსაწინააღმდეგო იყო. თუ წარსულში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს გავითვალისწინებთ, ეს ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.

1942 წელს 28-29 მაისს სამცხე საქართველოში, სსრკ-ის თურქეთთან სახელმწიფო საზღვართან ახლოს, ახალციხის ქუჩებში გამოჩნდა ანტისაბჭოჭა პროკლამაციები. ავტორები სოფ. მუსხში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ – მათი მოთხოვნა შემდეგი იყო – „დროა აღვსდგეთ მძარცველ ბოლშევიკების წინააღმდეგ და საბოლოოდ მოვსპოთ მათი მატყუარა პოლიტიკა. ძირს სტალინი! გაუმარჯოს გიტლერს!” (სტილი დაცულია)

1955 წელს ბათუმში დააპატიმრეს ასევე ახალგაზრდული ჯგუფის წევრები, რომელთა ასაკი 15-17 წელს არ აღემატებოდა. მათ რამდენიმე ადგილას გააკრეს პროკლამაციები და გამოძიებისას გაირკვა, რომ მათ არანაირი ორგანიზებული სტრუქტურა არ ჰქონდათ, მაგრამ გააჩნდათ ჩამოყალიბებული ნაციონალური სენტიმენტები: „ქართველო ხალხო. გამოფხიზლდით, გონს მოდით, შეხედეთ თქვენს მდგომარეობას. ერთი წუთით მოიშორეთ ის შხამიანი ფიქრები, რომლებიც თქვენს გონებას თავისუფალ გასაქანს არ აძლევს. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რა მოგველის ? – რა მოელის ჩვენს სამშობლოს? საქართველოს ასეთ ვითარებაში გარუსება მოელის, ამას ყოველი თქვენგანი დაინახავს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ მივცემთ გარეშეს ნებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ადათ-წესები და მშობლიური ენა.“ (სტილი დაცულია)

1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები თბილისში, რომელიც სტალინის კულტის დასაცავად იყო გამართული, მონაწილეთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები და სტუნდეტები იყვნენ. აღნიშნული პროტესტი ასევე ანტისაბჭოთა მოთხოვნებით იყო გაჯერებული. ეს უნიკალური დემონსტრაციები იყო მისი შინაარსით. ანტისაბჭოთა დემონსტრაციები „ყველაზე დიდი საბჭოთა ლიდერის“ კულტის დასაცავად, რომელსაც ნაციონალური საფუძვლები და განცდები ჰქონდა. დემონსტრაციებზე ის თაობა გამოდიოდა, რომლებიც მსგავს ფოლკლორად ქცეულ ლექსებზე იზრდებოდა:

ჩვენს დედაქალაქ მოსკოვში
თურმე კახურსა მღერიან,
ნეტა მეცა მქნა იმათთან,
მღერით ყელ მომაღერია.

ან შემდეგი ლექსი

საქართველოს წინამძღოლი
ლავრენტი გვყავს ბერია,
ყველაფერში წინ მივდივართ,
შრომის დროშა ჩვენია

ქართველების პროტესტს და ანტისაბჭოთა ქმედებების უმრავლესობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე ერთი საერთო მახასიათებელი აქვს – ისინი მიმართულია მოსკოვის, საბჭოთა კავშირიდან მომავალი პოლიტიკის წინააღმდეგ. ასეთივე პროტესტად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1978 წლის აპრილის მოვლენები და 1980-იან წლებში გამართული მასობრივი დემონსტრაციები. მიუხედავად იდეოლოგიური მრავალფეროვნებისა და მომავლის ხედვის განსხვავებულობისა, პროტესტების მთავარი საჯილდაო ქვა მოსკოვი და იქიდან მომდინარე პოლიტიკა იყო.

აი, ეთნიკური აფხაზებისათვის კი ეს პროტესტი სრულიად სხვა განზომილებას ღებულობდა და ახლაც განსხვავებულია.

1931 წელს 19 თებერვალს აფხაზეთში დიდი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში (აფხ. Дәрыҧшь) შეკრებილი გლეხები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ კოლექტივიზაციის გაუქმებას. აპროტესტებდნენ წერკუმს, რაც წერა კითხვის სავალდებულო შესწავლის გულისხმობდა და არ უნდოდათ საყოველთაო განათლების პოლიტიკა. ცალკე იყო გამოტანილი გლეხთა საკითხი, დემონსრანტები ეწინააღმდეგებოდნენ გლეხების დაყოფას უქონელებად, საშუალო შეძლების მქონეებად და კულაკებად. ასევე ითხოვდნენ რომ ხელისუფლებას მათთვის მიეცა უფლება წასულიყვენენ თურქეთში. დურიფში შეკრებილები, რეალურად აპროტესტებდნენ ყველა იმ პოლიტიკას, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში ახორციელებდა. ეს უიშვიათესი შემთხევაა, როდესაც საბჭოთა აფხაზეთში პროტესტი მიმართული იყო მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი სურათი რადიკალურად იცვლება. 1947 წელს სკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან კუზნეცოვისადმი გაგზავნილ წერილში ახალგაზრდა აფხაზი მეცნიერები ძიძარია, შინკუბა და შაკრილი აპროტესტებენ ნაციონალურ პოლიტიკას აფხაზეთში. ისინი მიიჩნევდნენ რომ აფხაზეთში არ მზადდება ნაციონალური კადრები, ფოლკლორის რეპერტუარი განუახლებელია და აფხაზური კი იქიდან სრულიად ამოღებული. აპროტესტებდნენ ქართული სუფიქსი ი-ს დამატებას ტოპონიმიკაზე და ქართველთა მიგრაციებს. ერთ-ერთ მოთხოვნა კი იყო, რომ აფხაზეთსა და აჭარაში გასაბჭოების დღედ გამოცხადებულიყო 4 მარტი. უკმაყოფილება და პროტესტი 1930 წლის დურიფშის პროტესტისგან გასხვავებით არა მოსკოვის არამედ თბილისისადმია განკუთვნილი, ხოლო მოსკოვი მედიაციის როლს თამაშობს ორ „ურჩ ერს“ შორის.

ეს სურათი გაგრძელდება მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში აფხაზეთში. აფხაზები თბილისის პოლიტიკას აპროტესტებდნენ 1967 წლის მასობრივი დემონსტრაციების დროსაც და 1978 წელსაც როდესაც სსრკ-ის კონსტიტუციის პროექტი უნდა განხილულიყო.

1978 წელს პროკლამაციების გავრცელებისთვის დაპატიმრებული ზაურ გინდია მიიჩნევდა, რომ “აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოს მონობის უღელქვეშ იმყოფება, რომლის მთავრობაც აფხაზი ხალხის მიმართ ნაციონალ– შოვინისტურ და ასიმილაციურ პოლიტიკას ატარებს… საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობა ლახავს აფხაზთა კონსტიტუციურ უფლებებს და ასიმილაციის გზით ცდილობს მისი, როგორც ერის, განადგურებას” (ციტატა ლევან იზორიას დისერტაციიდან)

ამ რამდენიმე მაგალითით ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც საბჭოთა საქართველოში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეთნიკური ქართველებისა და ეთნიკური აფხაზების პროტესტის უმთავრესი საჯილდაო ქვა სხვადასხვა მიმართულებით არის მიმართული, შესაბამისად მოსკოვისა და თბილისისაკენ.

„ჩვენი და აფხაზების საერთო წარსული უნდა გახდეს მიმდინარე და სამომავლო სამშვიდობო პოლიტიკის ფუნდამეტი,“ „ეს არის … ერთობლივი პროექტი, რომელიც ასახავს ჩვენს საერთო ისტორიას,“ – ეს ფრაზები საქართველოს პოლიტიკოსებს ეკუთვნით, რომლებიც ამ ფრაზებით უშინაარსო, სიმბოლური პოლიტიკის კვლავწარმოებას უწყობენ ხელს. ისტორია ვეღარ იქნება მხოლოდ ერთი პრიზმიდან და პერსპექტივიდან დანახული.

25 თებერვლის აღნიშვნა საერთაშორის სამართლით შესაბამისად აღიარებულ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთზეც ვრცელდება. თუმცა, აფხაზეთის ჩამოყალიბებული ნაციონალური იდენტობისა და ნაციონალური ისტორიოგრაფიისათვის ოკუპანტი არა საბჭოთა სახელმწიფო, არამედ ქართველები არიან. ეს კომპონენტი ამ ორი ერის წარსულის და მომავლის განსხვავებულ ხედვას განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი