ახალი ამბები

ისრაელმა ქვეყანაში მცხოვრები პალესტინელი არაბების ვაქცინაციაც დაიწყო

8 მარტი, 2021 • 878
ისრაელმა ქვეყანაში მცხოვრები პალესტინელი არაბების ვაქცინაციაც დაიწყო

ისრაელმა იმ პალესტინელი არაბების ვაქცინაცია დაიწყო, რომლებსაც აქვთ ისრაელში მუშაობისა და ცხოვრების ნებართვები. ინფორმაციას ფრანს-პრესზე დაყრდნობით გარდიანი ავრცელებს.

ვაქცინაციის კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში წარმატებით აცრა საკუთარი 9-მილიონიანი მოსახლეობის 53%-ზე მეტი, მათ შორის, მოსახლეობის 40%-ზე მეტს უკვე აქვს მიღებული ვაქცინის ორივე დოზა.

ამ დროისთვის დაახლოებით 100 000 პალესტინელი მუშაობს ან ცხოვრობს ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ აშენებულ დასახლებებში.

ადამიანის უფლებათა პალესტინური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისრაელს, როგორც ოკუპანტს, ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ვაქცინა მიაწოდოს პალესტინის მოსახლეობას. ისრაელის განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეული დროებითი ზავით, რომელიც 1990-იან წლებში დაიდო, ასეთი ტიპის ვალდებულება ისრაელის სახელმწიფოს არ ეკისრება.

ისრაელი ამ ეტაპზე მხოლოდ ისრაელსა და ისრაელის მიერ აგებულ დასახლებებში მცხოვრებ და მომუშავე პალესტინელ არაბებს მიაწვდის ვაქცინას, ხოლო პალესტინის თვითმმართველობის შემთხვევაში, ვაქცინის გადაცემა კეთილი ნების გამოხატვა იქნება და არა ვალდებულება.

პალესტინა საკუთარი მოსახლეობის აცრას რუსული სპუტნიკ V-ის, Covax პლატფორმის მიერ მიწოდებული ასტრაზენეკასა და ფპაიზერის ვაქცინებით შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი