ახალი ამბები

EMC: გავრცელებული ფარული ჩანაწერები დემოკრატიული სისტემის რღვევის უმძიმეს პრაქტიკას ავლენს

7 მარტი, 2021 • 855
EMC: გავრცელებული ფარული ჩანაწერები დემოკრატიული სისტემის რღვევის უმძიმეს პრაქტიკას ავლენს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 7 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ ჩანაწერების გავრცელების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ “სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესი ფორმები”.

“სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC-ის თქმით, ჩანაწერი დიდი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდა და აუცილებელია გამოძიების დროული დაწყება, ხოლო მედიის მიერ მისი გავრცელება პროფესიული ვალდებულებაა.

“პირველადი დაკვირვებით ჩანაწერების ნაწილი მაინც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ. აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს

ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მომხდარის სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი არ არსებობს, სწორედ ამიტომ, ეს საკითხი “პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა გადაწყდეს”.

“სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ. 


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთმა პროკურატურას მიმართა კითხვით, აღნიშნულ ჩანაწერებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. აღნიშნულ თემაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი