ახალი ამბები

“მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა” – მდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე

7 მარტი, 2021 • 860
“მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა” – მდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე

ქართული ოცნების წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ის, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, გაყალბებული რეალობით ცდილობს ხალხის გაბრაზებას, რათა მოლაპარაკებები ჩაშალოს.

“ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას.

და რას აკეთებს ,,ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, – რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.

სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, ,,კაგებეშნიკური” მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა”, – წერია მდინარაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ქართული ოცნება კვლავ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას შეუერთდეს.

“ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას. ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი