ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა

7 მარტი, 2021 • 1325
ნაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა

პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ხიდი ერთ წელზე მეტია, რაც ჩაკეტილია. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

“ერთი წელია ეს ხიდი ჩაკეტილია და ჩვენი 10 ათასობით მოქალაქე სრულ იზოლაციაშია. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გალის მოსახლეობისთვის აქ გადაადგილება. გვახსოვს 11 თებერვალს გამოაცხადეს, რომ ხიდი გაიხსნებოდა, აღდგებოდა მიმოსვლა, მაგრამ ეს არის ფარსი. დღევანდელი აქციის მიზანი არის, რომ ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამემამულეებს და მეორე მხრივ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ, მიხედეთ ამ გაჭირვებულ ხალხს და გადადგით რეალური ნაბიჯები”, – საინფორმაციო საშუალება “ოდიშინიუსთან” საუბრისას განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ ახალაიამ.

ფორო გარეკანზე: “ოდიშინიუსი”


11 თებერვალს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ გაიხსნა ენგურის ხიდის გადასასვლელი.

“დაახლოებით ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – აცხადებდა მაშინ თეა ახვლედიანმა.

მოგვიანებით ნეტგაზეთმა გაარკვია, მოსახლეობის თუ რა კატეგორიებზე იყო საუბარი. სამინისტროს განცხადებით, “პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებოდათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პენსიონერებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი