ახალი ამბები

“ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია” – ლელო

7 მარტი, 2021 • 910
“ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია” – ლელო

პოლიტიკური პარტია ლელოს განცხადებით 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის შესაძლო საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, “შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს”.

პარტია “ლელო” მოითხოვს:

  • სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
  • გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები.
  • გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

“ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია”, – აცხადებს პარტია.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი