ახალი ამბები

„მთავარის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მესტიის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

6 მარტი, 2021 • 995
„მთავარის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მესტიის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშთან დაკავშირებით, რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ანგარიშში საუბარი იყო მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის მხრიდან სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ.

ჟურნალისტის შეკითხვებს მესტიის მერმა გინებით და მუქარით უპასუხა.

„ის ამ მუქარის დროს აკონკრეტებდა, თქვენ ამ სიუჟეტით თქვენს დასაკლავ დანას იჩხრიკავთო“ – ამბობს ემა გოგოხია.

ასევე, „მთავარის“ ცნობით, მესტიაში ჟურნალისტის მანქანის ოთხივე საბურავი დააზიანეს.

ნეტგაზეთმა მესტიის მერთან სცადა ტელეფონით დაკავშირება, თუმცა კაპიტონ ჟორჟოლიანმა არ გვიპასუხა.

დღეს ამ ინცინდენტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც შსს-ს მოუწოდა დროულად გამოიძიოს მომხდარი.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი.

ქარტია გმობს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი