ახალი ამბები

“ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია” — ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე

6 მარტი, 2021 • 1493
“ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია” — ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე

“საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები ნაწილობრივ პასუხობს ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი კვლავ შეუსრულებელია”, — ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ODIHR-ის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

დოკუმენტში მიმოხილულია როგორც წინასაარჩევნო გარემო, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესი, “ცესკოს” საქმიანობა, პოლიტიკური პარტიების შეფასებები, პოლარიზებული მედიაგარემო და სხვ.

შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორის ეუთო/ODIHR ახსენებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, საჩივრების განხილვის პროცესთან და არჩევნების შედეგების ხელახალი გადათვლის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

“მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, შეშფოთება გამოითქვა მათი არასაკმარისად ეფექტური განხორციელების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, კამპანიის დაფინანსებისა და არჩევნების დღის პროცედურების ნაწილში”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორთა თქმით, არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფდა სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაცია, “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ხელმძღვანელობით. ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაცია, ზოგადად, ეფექტურად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს და “ცესკოს” რეგულარული სხდომები ღია იყო საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის.

მეორე მხრივ, ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ სხდომებზე “ცესკოს” არ განუხილავს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა გამჭვირვალობას ამცირებს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ “მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით, ქვედა დონეებზე, ნეგატიურად აისახა საზოგადოების აღქმაზე საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ”.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დიდწილად ინკლუზიური იყო, ისევე როგორც, დიდწილად დაცული იყო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება წინასაარჩევნო კამპანიისას. თუმცა, ავტორები ამბობენ, რომ “ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია პარტიების მხარდამჭერებისა და საჯარო მოხელეების დაშინების შესახებ”. ამასთან, “ხშირად, ბუნდოვანი იყო საზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”.

ეუთო/ODIHR-ის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმრავლესობა საკმარისად არ ენდობოდა კამპანიის ფინანსური ანგარიშების უტყუარობას. ავტორთა თქმით, ODIHR-მა გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები რეალურ და გასაჯაროებულ დანახარჯებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობა, ეფექტურად გააკონტროლოს აღნიშნული პროცესი, კვლავ შეზღუდულია.

ანგარიშში განხილულია მედიაგარემოც, რომელიც, ავტორთა თქმით, პოლარიზებულია პოლიტიკური და ბიზნესინტერესების ხაზით. ანგარიშის თანახმად, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დებატების ნაკლებობამ და კონფრონტაციულმა ტონმა, რომელიც კამპანიას სდევდა თან, მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი