ცაგერში ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებთან შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ჰესის პროექტს აპროტესტებს, არ დაესწრება.
4 მარტს, ნამახვანჰსის წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დაავალა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედროდნენ.
მინისტრები მეორე დღესვე, 5 მარტს გაემგზავრნენ მოსახლეობასთან შესახვედრად, თუმცა შეხვედრა ჩაინიშნა არა ნამოხვანში, — სადაც კარავია გაშლილი და აქციების საორგანიზაციო ჯგუფი იმყოფება, — არამედ ცაგერში.
ამასთან, თავდაპირველად დაანონსდა, რომ მინისტრებთან შეხვედრა დახურული იქნებოდა მედიისათვის, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ მას არ ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც აქციების ერთ-ერთი სპიკერია, „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ მიუღებლად მიაჩნია მინისტრებთან შეხვედრის ფორმატი, რადგან საჯაროობას არ უზრუნველყოფს.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეხვედრა გახსნილი იქნება მედიისთვის.
„ჩვენ ვდგავართ აქ და თუ ვინმეს უნდა რაიმეს გარკვევა, აქვე მობრძანდეს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მაკა სულაძემ, საორგანიზაციო ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა. ის რიონის ხეობაში, სოფელ მექვენაში ცხოვრობს და აქტიურად მონაწილეობს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებში.
ნათია თურნავამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ ის და მინისტრი დავითაშვილი მზად არიან, „რიონის ხეობის მცველებისთვის“ მისაღებ ფორმატში შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხონ.
„გასარკვევი და სასაუბრო ჩვენ აღარაფერი გვაქვს. კითხვები ადრე გვქონდა, ახლა ერთი მოთხოვნა გვაქვს და მაგ მოთხოვნის დაკმაყოფილებას საერთოდ არ სჭირდება მინისტრების აქეთ-იქეთ სიარული“, – აცხადებს მაკა სულაძე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის ფასად არ დათმობს თავის საკუთრებას.
ნამოხვანში 7 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებმა მოთხოვნები წაუყენეს მთავრობას, რომელთაგან ძირითადია კომპანიის მიერ ხეობის დატოვება და მშენებლობის შეჩერება.
როგორც მაკა სულაძემ უთხრა „ნეტგაზეთს“, მისი ინფორმაციით, 4 მარტიდან მოყოლებული, შეხვედრაზე დასასწრებად აგროვებდნენ მერიის თანამშრომლებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამაინებს, — როგორც სულაძე ამბობს, „საზოგადოებას, ვინც დისკომფორტს არ შეუქმნის მაგათ“.
წინა დღით გარემოს დაცვის/სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობას აქვს პასუხები მოსახლეობის კითხვებზე, „მყარად“ დგას საკუთარ პოზიციაზე და ჰესის შესახებ ინფორმაცია „გასაგებ ენაზეა მისატანი თითოეულ [მოწინააღმდეგე] ჯგუფთან“.
ნამახვანჰესის კრიტიკა
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).
ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.
EMC-მ 3 მარტს გამოაცხადა, რომ 2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფოსა და ინვესტორს, „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ 251-გვერდიან ხელშეკრულება კაბალურ პირობებში ამყოფებს სახელმწიფოს. კერძოდ:
- ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას;
- კომპანიას შეუზღუდავი უფლებები ენიჭება ბუნებრივ რესურსებზე — მიწაზე, წყალსა და ხე-ტყეზე;
- სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეული ფინანსური ხარჯები მთლიანად აუნაზღაუროს ინვესტორს;
- ამასთან, იღებს ვალდებულებას, ფორსმაჟორული გარემოებებისას, ყველა სახის ზიანი და დანაკარგი აანაზღაუროს.
სოციალური პროტესტი
ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.
პარლამენტსა და მთავრობაში ნამახვანჰესზე ყურადღებას მას შემდეგ გაამახვილეს, რაც პროტესტი ახალ განზომილებაში გადავიდა: 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.
საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.
