ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი რუსული ვაქცინის, სპუტნიკ V-ის შეძენას აპირებს

4 მარტი, 2021 • 718
ცხინვალი რუსული ვაქცინის, სპუტნიკ V-ის შეძენას აპირებს

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, უახლოეს მომავალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აპირებს, რომ შეიძინოს რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – სპუტნიკი V. ინფორმაციას დე ფაქტო ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ვაქცინის შესაძენად თანხები ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მობილიზებული, თუმცა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ბიბილოვი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას დე ფაქტო პარლამენტი შეიტანს 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შესწორებებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვაქცინის შესაძენად თანხების გამოყოფა.

“ამავდროულად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მთავრობასთან. გავაგზავნეთ წერილი, რათა ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთს მიეწოდოს ეს ვაქცინა. ამ კვირაში გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ვაქცინას ჩვენი რესპუბლიკა”, – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ამ დროისთვის დაფიქსირებულია კორონავირუსის დადასტურებული 3081 შემთხვევა.

ცხინვალი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას საპარლამენტო ბოიკოტის გამო ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, მე-11 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბიუჯეტი მაინც მიიღეს რუსეთის ფედერაციის ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ბიუჯეტის ამგვარი მიღება არაკონსტიტუციურია.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 80 პროცენტს [6.3 მილიარდი რუბლი] რუსული დახმარება შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი