ახალი ამბები

Wizzair მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით იფრენს — თურნავა

4 მარტი, 2021 • 792
Wizzair მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით იფრენს — თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 4 მარტს, ის ავიაკომპანიები ჩამოთვალა, რომლებიც ფრენებს მარტიდან განაახლებენ და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იფრენენ.

მინისტრის განცხადებით, მარტიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს აღადგენს “ვიზეარი”, რომელიც ბოლო სამი წელია ლიდერი ავიაკომპანიაა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. როგორც თურნავა ამბობს, “ვიზეარი” ფრენებს 20 მიმართულებით აღადგენს:

“მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება “ბუტა ეარვეისი”. ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო, რომელიც კვირაში სამი სიხშირით იფრენს. ასევე, “ეარ ასტანა” და “ფლაი არისტანი”, რომელიც არის ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. “ვიზეარი”, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს აღადგენს მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ამ მომენტში არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, რაც კვირაში 45 ფრენაა. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია “ვიზიარ აბუდაბი” და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთასი-აბუდაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით”, – თქვა თურნავამ.

საქართველოში ავიამომისვლა გასული წლის გაზაფხულში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებამ ფრენების განახლების შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, მაგრამ ავიაკომპანიების დიდი ნაწილი ავიარეისებს ამ დრომდე არ ასრულებს. გარდა ამისა, ქვეყნებს კვლავ აქვთ დაწესებული შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი