ახალი ამბები

პრემიერის თქმით, თბილისში მდებარე კვების ობიექტებს 5 ათასი ლარით დაეხმარებიან

4 მარტი, 2021 • 754
პრემიერის თქმით, თბილისში მდებარე კვების ობიექტებს 5 ათასი ლარით დაეხმარებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში მდებარე კვების ობიექტების ნაწილი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

დღეს, 4 მარტს, გამართულ სხდომაზე, ღარიბაშვილს არ დაუსახელებია ის კრიტერიუმები, რაც კვების ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა თქვა, რომ ეს თბილისის მერიის ინიციატივაა, რასაც ცენტრალური მთავრობა მხარს უჭერს:

„დღეს მთავრობის სხდომას ესწრება თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ინიციატივით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე.

შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.”

მოგვიანებით თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რესტორნის ბრუნვა და სკამების მოცულობა. მერია ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამით დაახლოებით 400 რესტორანი ისარგებლებს. თბილისის მერიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს რომ რესტორნის ბოლო ორი თვის ბრუნვა 100 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს და ობიექტი განკუთვნილი უნდა იყოს 20-დან 80-მდე პერსონაზე.

„კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იქნება მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომელსაც ისინი შეავსებენ. კრიტერიუმები იქნება ბრუნვასთან და სკამების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ მსხვილი ბიზნესები, ფრენჩაიზები, საერთაშორისო ქსელის ოპერატორები. ეს არის გათვლილი თბილისში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებზე. კრიტერიუმები ზუსტდება და მომდევნო დღეებში დაანონსდება. დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით,”-განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი