ახალი ამბები

“დროა ვაშინგტონმა გამოიღვიძოს” – პავილიონისი საქართველოში ამერიკის როლზე

3 მარტი, 2021 • 1065
“დროა ვაშინგტონმა გამოიღვიძოს” – პავილიონისი საქართველოში ამერიკის როლზე

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, “დროა ვაშინგტონი უფრო აქტიურად ჩაერთოსსაქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში”.

მან ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მიერ 3 მარტს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

“მგონი, უკვე დროა, რომ ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ევროპელი ლიდერების ძალისხმევას [პოლიტიკური კრიზისის მედიაციის შესახებ], რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა დიდად არ ეთანხმება იმ თეზისებს, რომელიც გახმიანდა. ჩვენ ვნახეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] გუშინდელი განცხადება.

თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდეს ყველა მხარე, დროა, რომ ვაშინგტონმა გამოიღვიძოს. იყოს ძლიერი. შესაძლოა, სახელმწიფო მდივანიც, ბლინკენიც ჩავიდეს ქვეყანაში”, – განაცხადა პავილიონისმა.

მისივე თქმით, თუ ღარიბაშვილი არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომლებიც ქვეყანაში შარლ მიშელის სტუმრობის დროს გახმიანდა, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა საქართველოს კარგავს.

“ჩვენ გვაქვს დარჩენილი ორი კვირა. თუ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში 14-15 მარტს გასამართ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ჩამოვა და განაცხადებს, რომ არ ეთანხმება იმ თეზისების, რაც შარლ მიშელმა წარადგინა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად ვკარგავთ საქართველოს, თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ასე მოხდეს.

ასე რომ, სწორედ დროა, ამერიკამ დაუჭიროს მხარი ჩვენს ძალისხმევას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რაც მოხდა, არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ვაშინგტონს, ისინი ძალიან ფრთხილები იქნებიან. ასე რომ, მე ვფიქრობ, დროა ვაშინგტონმა შემოაბიჯოს ამ კრიზისში და მხარეები მოლაპარაკების მაგიდისკენ მიმართოს”, – აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მოგვიანებით მან შეხვედრები გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან.

მიშელი ერთობლივ ფორმატში ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც განიხილეს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი