ახალი ამბები

ევროკავშირს ჩვენგან მეტი სტაბილურობა და დემოკრატია სჭირდება – ზურაბიშვილი

1 მარტი, 2021 • 820
ევროკავშირს ჩვენგან მეტი სტაბილურობა და დემოკრატია სჭირდება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება საქართველოში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და, როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის საქართველო — დემოკრატიის კუნძული — კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და საქართველომ პოსტკრიზისულ გეგმაზე ერთად იმუშაონ.

“დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ დროზე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შეასრულოს საზოგადოების მოთხოვნა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი