ახალი ამბები

ქართველი ემიგრანტების აქცია ბრიუსელში: “ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების ძალადობას”

27 თებერვალი, 2021 • 1310
ქართველი ემიგრანტების აქცია ბრიუსელში: “ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების ძალადობას”

ბელგიის დედაქალაქში ქართველმა ემიგრანტებმა გამართეს აქცია, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააპროტესტეს. შეკრებილთა მიერ გახმიანებულ მოთხოვნებს შორის ვადამდელი არჩევნებია.

“აქ მყოფი ყველა ადამიანი ითხოვს იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, დასრულდეს რუსული კურსით სვლა და განვაგრძოთ განვითარება დასავლური კურსით. ეს არის ამ აქციის შინაარსი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ემზო კვარაცხელიამ, რომელიც პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანტვერპენიდან ჩავიდა.

მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ყველა აქტივისტს საქართველოში,რომელიც ცვლილებებისთვის იბრძვის.

ფოტო: ემზო კვარაცხელია

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ხატია ოზაშვილის თქმით, შეკრებილები არცერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა მათთვის მიუღებელია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, “ხელისუფლების ძალადობა და რეპრესიები”.

“ჩვენ უბრალოდ ვაპროტესტებთ არსებულ სიტუაციას საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების ძალადობას. ყოვლად მიუღებელია ის, რაც ხდება საქართველოში: რეპრესიები, ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევანის არქონა და არჩევნების გაყალბება…

აქ ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით იმაში, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები…” – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ფოტო: ემზო კვარაცხელია

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში შეადგენენ ონლაინ პეტიციას ხელისუფლების წარმომადგენელთამიმართ “პერსონალური სანქციების” მოთხოვნით. მათი ცნობით, პეტიცია ევროპაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის გავრცელდება, ხელმოწერები კი შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობებს გაეგზავნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი