ახალი ამბები

პარლამენტთან „სირცხვილიამ“ კარავი მიიტანა და აქცია გამართა

25 თებერვალი, 2021 • 547
პარლამენტთან „სირცხვილიამ“ კარავი მიიტანა და აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლი თავთან დაკავშირებით.

ამ აქციაზე აქტივისტები სიტყვით გამოვიდნენ და ხელისუფლება გააკრიტიკეს რუსეთის მიერ ლმობიერი დამოკიდებულებისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავების გამო.

„თებერვლის და მარტის ეს თარიღები საქართველოს თითოეული მოქალაქის კალენდარში გამორჩეულ ადგილს იმსახურებს, რადგან ოკუპაცია გრძელდება, ხან ხისტი, ხანაც არანაკლებ ხისტი “რბილი ძალით”. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლისთავზეც ვერ ვაქციეთ ჩვენი სუვერენიტეტი პოლიტიკური სპექტრის უპირობო პრიორიტეტად და არათუ გავთავისუფლდით რუსეთისგან, კიდევ უფრო დავუახლოვდით მას.

ასეთ ვითარებაში კი ცოდნა და ინფორმირებულობა თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორება მანამდე გაავრცელეს.

აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებმა პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი დადგეს.

„სირცხვილიას“ კარავი პარლამენტთან. 25 თებერვალი 2021 წელი

კარვები პარლამენტთან. 25 თებერვალი 2021 წელი.


ამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე აქტივისტებმა არაერთხელ სცადეს კარვების გაშლა, თუმცა, უშედეგოდ. პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, მათი ნაწილი დააკავეს.

საბოლოოდ კარვები 23 თებერვალს გაშალეს. მას შემდეგ, რაც ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას დასაკავებლად საპოლიციო შტურმი ჩატარდა. შტურმის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის წინ გადავიდნენ, სადაც კარვები დადგეს.

⭕ აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარავს შლიან

Posted by Netgazeti on Tuesday, 23 February 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი