ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის გადადგომას არავის ზეწოლით არ ვითხოვთ | გენშტაბი უკან არ იხევს

25 თებერვალი, 2021 • 743
ფაშინიანის გადადგომას არავის ზეწოლით არ ვითხოვთ | გენშტაბი უკან არ იხევს

სომხეთის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, მათ მიერ გავრცელებული განცხადება ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არ მიღებულა ვინმეს მიერ განხორციელებული ზეწოლის პირობებში.

“25 თებერვალს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადება არ ყოფილა გარედან ნაკარნახევი და არ მიღებულა ვინმეს მიერ განხორციელებული ზეწოლის ქვეშ. გენერლებისა და  ოფიცრების პოზიცია ნათელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას”, – ნათქვამია სომხეთის არმიის გენერალი შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სამველ ასატრიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა, როგორც სომხური მედია იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში ორი აქცია იმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ერევნის თავისუფლების მოედანზე ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მართავს აქციას.

გარეკანის ფოტოზე: ონიკ გასპარიანი


განცხადების გავრცელება მოჰყვა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენებას, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. [ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

1in.am -თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექსებს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა.

ამ განცხადებით ფაშინიანმა ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მალევე უნდა გამოეყენებინათ რუსული სარაკეტო კომპლექსები. ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული რუსული სარაკეტო კომპლექსები “გამართულად არ მუშაობს და ბოლომდე არ ფეთქდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი