ახალი ამბები

გამოძიების დროს უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი – EMC სანაიას თავდასხმაზე

25 თებერვალი, 2021 • 637
გამოძიების დროს უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი – EMC სანაიას თავდასხმაზე

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ამბობს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეში უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი.

„როგორც თავად ვახო სანაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ვახო სანაიას მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც მომხდარის გამო მძიმე ემოციური სტრესი მიიღო.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პოლიციამ მალევე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) საფუძველზე. ვახო სანაია და მისი ოჯახის წევრები გუშინ ღამითვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 ადამიანი.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს და მიმდინარე საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს. მათ შორის, გამოძიებამ სათანადოდ შეისწავლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლის საფუძველზე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის გამოხატვას, შეხედულებებს უკავშირდება.

თავდამსხმელების მიერ გაკეთებული განცხადებები და აგრესია ვახო სანაიას საქმიანობას და კრიტიკულ მედიაორგანიზაციებთან მიმართებით ამგვარი მოტივის არსებობაზე მიანიშნებს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

„ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკროსოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედიააქტორებისთვის,“.

EMC ამბობს, რომ ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას. მაგალითად, ათეულობით ჟურნალისტის დაზიანებას 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული – „რაც მთლიანობაში ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს“.

EMC მოუწოდებს

  • შსს და პროკურატურას,
    გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარმართოს და კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს და ამგვარი სახის დანაშაულებს საგანგებო სიფრხილითა და სიმკაცრით ებრძვის.
  • პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს,
    გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომელიც ამგვარ ძალადობრივ გამოცდილებებს დაგმობს და შექმნილი მტრული საინფორმაციო გარემოს ცვლილებისკენ იქნება მიმართული.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. მისი თქმით, მას დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი