ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მზად ვარ, მედიატორი ვიყო — ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ერევნის კრიზისზე

25 თებერვალი, 2021 • 626
მზად ვარ, მედიატორი ვიყო — ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ერევნის კრიზისზე

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ მზადაა, მედიატორობა გასწიოს ერევანში განვითარებულ კრიზისში.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, სხვა შემთხვევაში ჩვენი მარცხი უფრო ღრმა და ფატალური იქნება“, — დაწერა არუთუნიანმა ფეისბუკზე.

არუთუნიანი აცხადებს, რომ ამჟამად ერევანში იმყოფება და მზად არის, იყოს მედიატორი მხარეებს შორის, რათა „ღირსეულად იქნას დაძლეული ეს პოლიტიკური კრიზისი“.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, — წერია გენშტაბის განცხადებაში, რასაც არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი აწერს ხელს.

ფაშინიანმა გენშტაბის განცხადება „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე გავიდნენ.

გენშტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის მეთაურების დათხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი