ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი გენშტაბის მოწოდებაზე, გადადგეს

25 თებერვალი, 2021 • 735
გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი გენშტაბის მოწოდებაზე, გადადგეს

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა: „გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“.

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის მეთაურების დათხოვნა.

სომხეთში ოპოზიცია ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშნვნას.

17 თებერვალს ფაშინიანის მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების დაკვეთა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი