ახალი ამბები

სექსუალური ძალადობის საქმეზე 8 ქალი და 1 ბავშვი დაზარალებულად არ ცნეს – PHR

24 თებერვალი, 2021 • 1000
სექსუალური ძალადობის საქმეზე 8 ქალი და 1 ბავშვი დაზარალებულად არ ცნეს – PHR

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ამბობს, რომ პროკურატურამ სექსუალური შევიწროების საქმეზე დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი – „რომელთა მიმართაც მწვრთნელის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას“.

ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ იცავს ფეხბურთელების ინტერესებს. ქალებზე დაყრდნობით ისინი წერენ, რომ წლების განმავლობაში ფეხბურთელები განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან.

„სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სავარაუდო თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო“, – ამბობს ორგანიზაცია.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

ორგანიზაციამ უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

„გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის როგორც უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე, საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა,  სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

PHR წერს, რომ ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე – „პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ცვლილებას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი