ახალი ამბები

პროვოკაციაზე პასუხად მელიას დაკავება და ენმ-ის ოფისზე შტურმი კრიზისიდან გამოსავალი არაა – ევროპარლამენტარები

24 თებერვალი, 2021 • 836
პროვოკაციაზე პასუხად მელიას დაკავება და ენმ-ის ოფისზე შტურმი კრიზისიდან გამოსავალი არაა – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის წევრები: საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარები პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას მოუწოდებენ, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესებული ვითარების დეესკალაციისათვის საჭირო ნაბიჯები სასწრაფოდ გადადგან.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციაზე პასუხად უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი და მათი ლიდერის დაკავება არანაირად არ ეხმარება და არ წარმოადგენს კრიზისიდან გამოსავალს.

ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეძლებს ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში არჩაყენების გარეშე, არის ის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს და თავი შეიკავოს პოლარიზაციის გამაღრმავებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან და კვლავ ჩაერთონ დიალოგში. აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ქართველი ხალხის მისწრაფებები წინ დააყენოს”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

სოციალ-დემოკრატების ალიანსის პარტნიორი საქართველოში “ქართული ოცნებაა”, ისევე, როგორც ევროპარლამენტის კიდევ ერთი დიდი პარტიის – “სახალხო პარტიის” პარტნიორია “ნაციონალური მოძრაობა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი