ახალი ამბები

26 თებერვალს მშობელთა საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება – “ქალთა მოძრაობა”

23 თებერვალი, 2021 • 755
26 თებერვალს მშობელთა საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება – “ქალთა მოძრაობა”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ქალთა მოძრაობა” აუქმებს 26 თბერვალს დაგეგმილ „1000 მშობლის მარშს”.

ორგანიზაციის განცხადებით, მარში 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გაიმართება.

“ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტის 100 დღეს, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია:

შეცვალეთ❗️ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით❗️ პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ❗️ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ❗️ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს❗️ ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო”,-წერია განცხადებაში.

“ქალთა მოძრაობა” ასევე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და გმობს საპოლიციო ძალების მიერ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის დარბევას და პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ვითარების განსამუხტად სამართლებრივ გზებს მიმართოს:

“ცხადად ვხედავთ, პოლიციის შტურმი და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები როგორ აღრმავებს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აგრესიული მეთოდების დემონსტრირების ნაცვლად, გამოიყენოს არაძალადობრივი და სამართლებრივი გზა ვითარების დეესკალაციისთვის”.

აქცია იმართებოდა ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს მხარდასაჭერად. 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქობულეთში გოგოს დაღუპვის გამო აქტივისტები 100-დღიანი კამპანიის, სახელად #ნინისგამო, დაწყებას გეგმავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი