ახალი ამბები

გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში – კობახიძე

23 თებერვალი, 2021 • 615
გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს და ირწმუნება, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა “სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის”.

მისი თქმით, პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

“დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის”, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით,  გასულმა წლებმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურ და ლოიალურ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არ შეუმცირებია.

“ამ პერიოდში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.

“ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი – პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს – მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. – არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავზე საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება”, – აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა.

“პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა.

დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი