ახალი ამბები

სახალხო დამცველს მოუწევს, პასუხის გაცემა, რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული – მდინარაძე

23 თებერვალი, 2021 • 746
სახალხო დამცველს მოუწევს, პასუხის გაცემა, რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ომბუდსმენმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს მისი განცხადების მოტივაცია და სამართლებრივ არგუმენტები უნდა განმარტოს.

“სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რაც დღეს განხორციელდა, დაზიანებების, რისკების მაქსიმალური დაზღვევით”, — განაცხადა მდინარაძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმსა და პარტიის თამვჯდომარეს, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და  მთავრობა გააკრიტიკა.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლისთავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა…“ ,– დაწერა ლომჯარია.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე, საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი