ნიკა მელია, რომელიც ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება, ამბობს, რომ პარტიის ოფისთან, მის დასაკავებლად მოსული პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი რეჟიმის დასასრულზე მეტყველებს.
„ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, თქვენ ხართ კლასიკური გაგებით ქვეყნის მოღალატეები, არამხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნის იქნებოდით, რომლებშიც დაიბადებოდით.
ჩვენდა სამწუხაროდ, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საქართველოში და მაშასადამე თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოღალატეები და პატივი არის ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერც ერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლებამოყვარულ ქართველ ხალს გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტის შელახვის მცდელობა, რასაც ჰქონდა ადგილი 20 ადგილს.
ეს არის დასასრული რეჟიმის. რეჟიმები ასე სრულდებიან და დასრულდებიან, თითქოს და სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით. ესენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ,“ – აცხადებს მელია ჟურნალისტებთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები არიან მობილიზებული. ადგილზე ასევე მოიყვანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ადიან.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებს, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემს და ასევე იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ოფისს თავისუფლად ტოვებს.
