ახალი ამბები

“უამრავი კითხვა იყო რეალურ საქმეებზე” — მდინარაძე ღარიბაშვილის მოსმენაზე

22 თებერვალი, 2021 • 473
“უამრავი კითხვა იყო რეალურ საქმეებზე” — მდინარაძე ღარიბაშვილის მოსმენაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან უმრავლესობის წევრებს “რეალურ” თემებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები და ამიტომ დიდხანს გაგრძელდა მისი მოსმენა.

“გაცილებით დიდხანს გაგრძელდა ფრაქციის სხდომა, ვიდრე ეს დაგეგმილი გვქონდა. ამის მიზეზი იყო უამრავი კითხვა რეალურ საქმეებთან დაკავშირებით და არა იმასთან დაკავშირებით, რაც ამ დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, დღის წესრიგს ქმნის. არ არის მთავარი თემა ის, რაც სინამდვილეში უნდა იყოს მთავარი თემა. ჩემი აზრით, მთავარი თემა უნდა იყოს, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ არაერთხელ გახმოვანდა — ის ურთულესი პრობლემები, რაც პანდემიის შედეგად ჩვენს ქვეყანას მიადგა”, — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 22 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ღარიბაშვილს უკვე მოუსმინა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ”. საპარლამენტო ოპოზიციამ კი ღარიბაშვილის ცალკე მოსმენაზე უარი განაცხადა. დღესვე გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო.

ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი