ახალი ამბები

ძირითადად იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გამოხატული ზიზღი – იოსელიანი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

22 თებერვალი, 2021 •
ძირითადად იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გამოხატული ზიზღი – იოსელიანი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან სამთავრობო პროგრამა ვერ მოისმინა.

მისი თქმით, ღარიბაშვილისგან ძირითადად ისმოდა მხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის მიმართ ზიზღი. როგორც იოსელიანი ამბობს, “ქართული ოცნება” 2012 წლის გზავნილებს იმეორებს.

“მე საერთოდ ვერ მოვისმინე პროგრამაზე საუბარი. ძირითადად მოვისმინე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, რომელიც იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გამოხატული ზიზღი და კიდევ ვიღაცების დაჭერის დაანონსება. რამე პროგრამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეგ მაინტერესებს, რა პროგრამით არის მოსული, რადგან პროგრამა, რომელიც დევს მთავრობის საიტზე, ის პრაქტიკულად ცარიელია და მისი გამოსვლა იყო აგრსეიული რიტორიკა ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. მე სხვა არაფერი არ გამიგია”, — განაცხადა იოსელიანმა.

დღეს, 22 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ღარიბაშვილს უკვე მოუსმინა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ”. საპარლამენტო ოპოზიციამ კი ღარიბაშვილის ცალკე მოსმენაზე უარი განაცხადა. დღესვე გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო.

ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი