ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი დაინტერესებულია გიუმრიში რუსული ბაზის გაძლიერებით

22 თებერვალი, 2021 • 982
სომხეთი დაინტერესებულია გიუმრიში რუსული ბაზის გაძლიერებით

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, ვაღარშაკ არუთინიანის განცხადებით, სომხური მხარე დაინტერესებულია გიუმრიში განთავსებული რუსული 102 სამხედრო ბაზის გაფართოებასა და პოტენციალის გაზრდაში. ამის შესახებ მან რუსულ RIA Novosti-სთან საუბარში განაცხადა.

“რუსული სამხედრო ბაზის გაფართოება და გაძლიერება ყოველთვის იდგა სომხური მხარის დღის წესრიგში. სომხური მხარე აღნიშნულით ყოველთვის იყო დაინტერესებული მარტივი მიზეზის გამო – ბაზა არის რუსულ-სომხური ერთობლივი ძალების ნაწილი. შესაბამისად, ბაზის შესაძლებლობების გაძლიერება ავტომატურად აისახება კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში სომხეთისა და რუსეთის ერთობლივი ძალების გაძლიერებაშიც”, – განაცხადა მინისტრმა.

არუთინიანის განცხადებით, “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მხედველობაში უნდა მიიღოს რეგიონში არსებული სამხედრო და პოლიტიკური რეალობა და გადადგას სწორი ნაბიჯები ბაზის გაძლიერებისა და ხელახახლი აღჭურვის მიმართულებით”.


სომხეთში, გიუმრის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზა 1995 წელს გაიხსნა. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, ბაზა სომხეთში 25 წლით განთავსდებოდა, თუმცა 2010 წელს, ორ ქვეყანას შორის დადებულ შეთანხმებაში შესული ცვლილებებით, ბაზის ფუნქციონირების ვადად 49 წელი განისაზღვრა. ამჟამინდელი შეთანხმებით ბაზა სომხეთში 2044 წლამდე დარჩება.

ვაღარშაკ არუთინიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე დავიდ ტონოიანი შეცვალა, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო ყარაბაღის მეორე ომის დროს. ტონოიანმა გადადგომის დროს მოუბოდიშა იმ ადამიანებს, რომლებმაც ომის დროს ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი