ახალი ამბები

10 ათასი კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს – ბურჯანაძე

22 თებერვალი, 2021 • 625
10 ათასი კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს – ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ დღეს, 22 თებერვალს, ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მათ შორის, მთის კურორტების გახსნა და რესტორნების შიდა სივრცეების ამუშავება. ამ ეტაპზე რესტორნებს მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობის უფლება აქვთ, ისიც- კვირის დღეებში.

“ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, ვერც წარმოიდგენთ. დღეს 250 ათასი ადამიანი უმუშევარია. ეკონომიკაში 8%-იანი წლი ჰქონდა [ტურიზმის სექტორს]. 3.5 მილიარდი დოლარის ბრუნვა იყო წელიწადში. წარმოიდგინეთ, დღეს 10 ათასი კვების ობიექტიდან, რომელიც კოვიდამდე იყო, მხოლოდ 700-მდე მუშაობს. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ეს თუ არ ამუშავდა, წარმოუდგენელი იქნება… აქ ქვეყნის განვითარებაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია ხალხის გადარჩენაზე და შემდეგ გადარჩენილი ხალხის შესაძლებლობაზე, გახსნას ეკონომიკა”, – აცხადებს ბურჯანაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა კვების ობიექტებისთვის შეღავათი ღია სივრცეებში მუშაობა, ბურჯანაძე პასუხობს, რომ 700-მდე რესტორნიდან ღია სივრცე მხოლოდ 10%-ს აქვს.

“ამ 10%-დან ყველას არ აქვს გახსნის შესაძლებლობა, რადგან მას დღესდღეობით ფინანსური მხარდაჭერა, რომლითაც გახსნის [რესტორანს], რადგან უფრო მეტი ხარჯი სჭირდება გარე სივრცის მომსახურებას, ვიდრე შიდა სივრცეს. აქედან გამომდინარე, ეს იყო თანმხვედრი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, რაც მივიღეთ დადებით კომპონენტად. მომდევნო ეტაპი არის შიდა სივრცეების [ამუშავება]”.

პანდემიამდე, 2019 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა, რაც მიმდინარე ფასებში 49 მილიარდ ლარს აჭარბებდა. ეკონომიკაში განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების წილი 5.2% იყო და 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა. 2020 წლის წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 7.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი