ახალი ამბები

განვიხილავთ იდეას, რომ უნივერსიტეტებში მიღება სკოლის ქულებითაც მოხდეს – ჩხენკელი

21 თებერვალი, 2021 • 941
განვიხილავთ იდეას, რომ უნივერსიტეტებში მიღება სკოლის ქულებითაც მოხდეს – ჩხენკელი

განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო განიხილავს იმ იდეასაც, რომ უნივერსიტეტებში მიღება, მათ შორის,სკოლის ქულებითაც მოხდეს.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, მთავრობის მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მოხსენებებით მივიდნენ. მათ შორის არის განათლების კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი.

დღევანდელ სხდომაზე ჩხენკელმა თქვა, რომ ეროვნული გამოცდების სისტემა რეფორმას საჭიროებს, რეფორმების შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება დამატებით ფაქტორებზეც ფიქრი.

ჩხენკელმა განმარტა, რომ მაგალითად, აშშ-ს უნივერსიტეტები აბიტურიენტების მისაღებად, გარდა საგამოცდო ქულისა, ითვალისწინებენ სასკოლო საშუალო ქულას, კლასგარეშე აქტივობებს და სხვა – „შესაბამისად, იქ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია,“.

„ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტები, როგორიცაა, საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება.. მე ჩამოვთვალე ის მეთოდები, რაც ამერიკაში ხდება და კარგად მუშაობს ამერიკის უმაღლესებისთვის… ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ,“ – თქვა ჩხენკელმა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ ზემოხსენებული მინისტრობის კანდიდატმა იდეის დონეზე განიხილა, ჯერჯერობით ამგვარი ცვლილებების გეგმა კი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი