ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადეს

20 თებერვალი, 2021 • 970
საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადეს

საქართველოს პარლამეტში მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებმა ნდობა გამოუცხადეს.  სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები ესწრებოდნენ. ისინი გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მეორე სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მონაწილეობით დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ.

კომიტეტების სხდომები 21 თებერვალსაც გაგრძელდება, ორშაბათს კი მინისტრობის კანდიდატები ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნების”, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მიმდინარე კვირაში თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მინისტრთა კაბინეტს 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

 

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

მასალების გადაბეჭდვის წესი