ახალი ამბები

ღარიბაშვილის საქმიანობა ჩინურ კომპანიაში: “სამოქალაქო იდეის” კითხვები

19 თებერვალი, 2021 • 1111
ღარიბაშვილის საქმიანობა ჩინურ კომპანიაში: “სამოქალაქო იდეის” კითხვები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” მთავრობის მეთაურის პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება. ის ყურადღებას ამახვილებს ღარიბაშვილის წარსულ საქმიანობაზე ჩინურ კომპანიაში “CEFC China Energy”, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილს ამ დრომდე ფლობს და, ამავე დროს, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებით არის ცნობილი.

ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2015 წელს გადადგა, ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ კომპანიაში 2018 წლის თებერვალში დასაქმდა.

“აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერესებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC-ს საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია”, – ვკითხულობთ “სამოქალაქო იდეის” განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, პრობლემა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან “ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს: იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას”.

“მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, განმარტოს, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით?

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

CEFC China Energy 2017 წელს გახდა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი. კომპანიას მსოფლიოს მსშტაბით 30 000 თანამშრომელი ჰყავდა, მისი ბრუნვა კი ჯერ კიდევ 2014-2016 წლებში ათობით მილიარდი აშშ დოლარი იყო. თუმცა შემდგომ კომპანია არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა.

2017 წელს ნიუ-იორკში დააპატიმრეს CEFC-თან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პატრიკ ჰო, რომელსაც ედავებოდნენ მრავალმილიონიან სქემაში მონაწილეობას აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის მოსასყიდად.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ CEFC-ის დამფუძნებელი იუ ჟიანმინგი ჩინური გამოძიების ობიექტი იყო შესაძლო ეკონომიკური დანაშაულების გამო. ამავე წლის მარტში გავრცელდა ცნობები ჩინეთში მისი დაკავების შესახებ. ამის შემდეგ ჟიანმინგი საჯაროდ სივრციდან უჩინარდება.

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიაში 2018 წლის თებერვალში დაასაქმეს. ის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი იყო. 2019 წლის თებერვალში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მიმდინარე კვირას კი, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა, ღარიბაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ განმეორებით წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

მასალების გადაბეჭდვის წესი