ახალი ამბები

სარჯველაძის ცნობით, ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება

19 თებერვალი, 2021 • 810
სარჯველაძის ცნობით, ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება

“ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამთავრობო გუნდში ახალი სახე თავდაცვის მინისტრი იქნება. ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, სარჯველაძე არ ასახელებს.

“ამ ეტაპზე რაც ცნობილია, რომ ერთი ახალი სახე იქნება და ეს არის თავდაცვის მინისტრი. ვინ იქნება კონკრეტულად, ამის თაობაზე არ შემიძლია გითხრათ უფრო მეტი რამ. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან რა იქნება პრიორიტეტი სამთავრობო პროგრამაში, მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევებს პასუხობდეს სამთავრობო პროგრამა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას”, —განაცხადა სარჯველაძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.

გუშინ, 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში ” „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


რა ხდება

რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი