ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ჩინოვნიკების შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის დასჯიან | კანონპროექტი

19 თებერვალი, 2021 • 1444
სომხეთში ჩინოვნიკების შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის დასჯიან | კანონპროექტი

სომხეთში უფლებადამცველი და მედიაორგანიზაციები სისხლის სამართლის კოდექსში მორიგი ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან.

ამჯერად საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ჩინოვნიკების შეურაცხყოფისა და ცილისწამების კრიმინალიზებას ითვალისწინებს.

17 თებერვალს საყოველთაო განხილვის მიზნით ოფიციალურად გამოქვეყნდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული სამართლებრივი აქტები სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონში.

პროექტით გათვალისწინებულია 100 000- დან 500 000 [დაახლოებით, 600 – 3000 ლარი] დრამამდე ჯარიმა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფის ან ცილისწამებისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩინოვნიკის შეურაცხყოფა ან ცილისწამება მედიის ან სხვა საჯარო საშუალებით ხდება, ჯარიმის ოდენობა 500 ათასიდან 3 მილიონ დრამამდე [დააახლოებით, 3 – 19 ათასი ლარი] ან 2 წლით პატიმრობით განისაზღვრება.

სომხეთში მომუშავე ჟურნალისტები და უფლებამდაცველი ორგანიზაციები აღნიშნულ პროექტს ხელისუფლების მიერ უკანასკნელ თვეებში ინიცირებული საკნონმდებლო ინიციატივების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევენ, რომელიც სიტყვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად ფასდება.

“ჯერ კიდევ 2010 წელს ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად ვმონაწილეობდით შეურაცხყოფისა და ცილისწამების დეკრიმინალიზაციის პროცესში, რათა არ მომხდარიყო საინფორმაციო სივრცის რეგულირება. დღეს კი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ხელისუფლება, რომელიც 2018 წლის რევოლუციის გზით მოვიდა, გამოხატვის თავისუფლებისთვის მიუღებელ რეგრესულ ინიციატივებს ქმნის. შთაბეჭდილება იქნება, რომ მოცემული ცვლილებების ავტორები არ არიან ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებზე ევროპის საბჭოს მოთხოვნებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტების შესახებ.

ჩვენ არ ვაპირებთ დავიცვათ ისინი, ვინც აყენებს შეურაცხყოფას ან ცილს წამებს. თუმცა საჭიროდ მივიჩნევთ შეგახსენოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან გამოიჩინონ მაქსიმალური თმენის უნარი ნებისმიერი კრიტიკის მიმართ და გაიაზრონ, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ისინი საზოგადოებისა და მედიის მაქსიმალური ყურადღების ქვეშ იმყოფებიან”, – ნათქვამია ხელმომწერი ორგანიზაციების მიმართვაში.

ამასთან, ორგანიზაციები სომხეთის მთავრობისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ უარი თქვას კანონპროექტზე; ასევე, მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, “თვალყური ადევნონ სომხეთში მიმდინარე რეგრესულ პროცესებს, რომელთაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლიათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი