ახალი ამბები

“ივანიშვილმა დააბრუნა” — ბურჯანაძე ღარიბაშვილის პრემიერობაზე

18 თებერვალი, 2021 • 732
“ივანიშვილმა დააბრუნა” — ბურჯანაძე ღარიბაშვილის პრემიერობაზე

“ნათელია, ივანიშვილმა დააბრუნა ღარიბაშვილი იმიტომ, რომ მარტივად მართოს ვითარება და, რა თქმა უნდა, ვა ბანკზე წაიყვანოს გუნდი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი პრემიერობა და ბოლო პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების”, – აცხადებს გადაცემა “დღის სტუმარის” ეთერში სტუმრად მყოფი ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ პროცესებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს.

“ძალიან მოულოდნელი იყო. თქვენ გაიხსენეთ, როგორ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან, როდესაც ადამიანმა წინა დღით ჩაატარა ბრიფინგი მიღწეულ წარმატებების შესახებ, ხოლო მეორე დღეს მოუწია გადადგომა, როდესაც ივანიშვილმა დაურეკა და ჰკითხა, იყო თუ არა ისევ კაბინეტში.

სრულიად ნათელია და გახარიას გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასე ვთქვათ, სოროდან მართავს თავის გუნდის წარმომადგენლებს, როგორც თოჯინებს, რადგან პრემიერ-მინისტრს მოუწია გადადგომა, რადგან ვერ დაარწმუნა ძალოვანი მინისტრები, რომ არ უნდა დაერბია ნიკა მელიას ოფისი, სადაც ოპოზიცია იყო წარმოდგენილი. გასაგებია, ვინ მართავდა პროცესებს, პირდაპირ ივანიშვილის ბრძანებაა ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციაზე შტურმი”, — ამბობს ნინო ბურჯანაძე.


დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

დღესვე გაიმართა პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა. პარტიის წევრთა გადაწყვეტილებით, პარლამენტს დასამტკიცებლად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი