ახალი ამბები

გახარია არწმუნებდა უმრავლესობას, მელიას საქმეში სამართალი აღსრულებულიყო – სამხარაძე

18 თებერვალი, 2021 • 1406
გახარია არწმუნებდა უმრავლესობას, მელიას საქმეში სამართალი აღსრულებულიყო – სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად, გიორგი გახარიამ პარტია “ქართული ოცნებაც” დატოვა.

“მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ნიკა მელიას მიმართ სამართლის აღსრულებაზე “ოცნების” შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა, ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, გახარია იყო სწორედ ის, ვინც გუნდის წევრებს არწმუნებდა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაში.

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გუნდში იყო, თუმცა გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც არწმუნებდა უმრავლესობის ყველა დანარჩენ წევრს, რომ მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი. ამას დაგიდასტურებთ უმრავლესობის 90-ივე წევრი, რომელიც იყო იმ სხდომაზე. გიორგი გახარია იყო ერთ-ერთი მთავარი მომხრე ამ ყველაფრის. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან გასაკვირი და მიუღებელი [მისი გადადგომა]”, – განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.


გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი