ახალი ამბები

რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ — სუბარი გახარიაზე

18 თებერვალი, 2021 • 1087
რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ — სუბარი გახარიაზე

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.

მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ყველაფერი “აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებში” ხდებოდა და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა.

“გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შსს-მ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, თუ დასაკავებელია”, — განაცხადა სუბარმა.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი