ახალი ამბები

საქართველო 90-იანების ტურბულენტურ წარსულში ბრუნდება – ევროპარლამენტარი მელიას აღმკვეთზე

18 თებერვალი, 2021 • 982
საქართველო 90-იანების ტურბულენტურ წარსულში ბრუნდება – ევროპარლამენტარი მელიას აღმკვეთზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების” ჯგუფიდან ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ქვეყანა 1990-იანების ტურბუნენტულ წარსულში ბრუნდება.

“მე შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ამბებით, ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა ისევ უბრუნდება თავის ტურბულენტურ წარსულს, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია”, — წერს ფოტიგა “ტვიტერზე”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილნი იყვნენ პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ “ფიზიკურად დაიცავდენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი