ახალი ამბები

ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც გახარიას პოზიციას გაამყარებდა – კობახიძე

18 თებერვალი, 2021 • 928
ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც გახარიას პოზიციას გაამყარებდა – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

კობახიძის თქმით, ვერ მოისმინეს არგუმენტები, რომელიც გახარიას პოზიციას გაამყარებდა.

“პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე. სამწუხაროდ, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი — სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი — ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების, ვალდებულებაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება”, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ გახარიას გადაგდომის ფონზე, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

“ახლა ჩვენი გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას”, — განაცხადა კობახიძემ.

გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი