ახალი ამბები

სტრასბურგმა ნავალნის საქმეზე დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა

17 თებერვალი, 2021 • 975
სტრასბურგმა ნავალნის საქმეზე დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავების საქმეზე გამოიყენა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი ღონისძიების მექანიზმი.

სასამართლოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტრასბურგმა რუსეთის მთავრობას 2021 წლის 21 იანვარს მიმართა, წარმოედგინათ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თითქმის “სასიკვდილო მოწამლვის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაცული იქნებოდა ნავალნის სიცოცხლის უფლება, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები დაიცავდნენ მის უსაფრთხოებასა და პირობები, სადაც ნავალნი სასჯელს მოიხდიდა, იქნებოდა რეგულარულად გადამოწმებული დასავლური სტანდარტების შესაბამისად.

სასამართლოს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციამ 26 იანვარს უპასუხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნავალნი მოთავსებული იყო კარგად დაცულ შენობაში, ხოლო მისი საკანი იყო ვიდეოდაკვირვების ქვეშ. რუსეთის განცხადებით, ნავალნის ჰქონდა წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის წყაროებთან ციხის სისტემის გამოყენებით. მას შეეძლო განეხორციელებინა ზარები, ხოლო მისი ადვოკატები და საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრები მუდმივად სტუმრობდნენ მას.

3 თებერვალს ნავალნიმ სასამართლოს გაუგზავნა მისი კომენტარი რუსეთის ფედერაციის მიერ გაგზავნილ პასუხზე. პოლიტიკოსის განცხადებით, მთავრობის მეირ გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფდა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.

16 თებერვალს სასამართლომ, რეგლამენტის 39-ე წესზე დაყრდნობით, მიმართა რუსეთის ფედერაციას, რათა გათავისუფლდეს აპლიკანტი [ალექსეი ნავალნი]

სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეს ზომა ნავალნის სიცოცხლის წინაშე არსებული რისკების გამო მიიღეს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლისა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ დღეს, 17 იანვარს დაბრუნდა მოსკოვში, მილიციელებმა აეროპორტიდან ცალკე გაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის დააკავეს და სასამართლო პროცესამდე პერიოდს იზოლატორში გაატარებს.

სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ნავალნი დაკავებულია მის წინააღმდეგ არსებული ბრალდების გამო.

რუსეთის პროკურატურა პოლიტიკოსს საკუთარი ფონდიდან ფულის უკანონოდ მისაკუთრებასა და გაფლანგვას ედავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი