ახალი ამბები

“რადიკალური ოპოზიცია თავისებურ კუდებს მოაბამს”- კაჭარავა საგამოძიებო კომისიაზე

17 თებერვალი, 2021 • 1141
“რადიკალური ოპოზიცია თავისებურ კუდებს მოაბამს”- კაჭარავა საგამოძიებო კომისიაზე

“ქართული ოცნების” წევრი დავით კაჭარავა “მოქალაქეების” ლიდერებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მოუწოდებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთნონ.

კაჭარავას თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ კომისია “ძირეულად” შეისწავლის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, “რადიკალური ოპოზიცია” კომისიის მუშაობას “კუდს მოაბამს”.

“მე მინდა მივმართო ბატონ ლევანს და ბატონ ალეკოს და დავარწმუნო, რომ კომისიაში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან მარტივი ენით რომ გითხრათ, ეს არის სამართლიანობის, სიმართლის საკითხი და, როგორც ვიცით, ამ კომისიას ძალიან დიდი უფლებები ექნება. აქედან გამომდინარე, ეს კომისია მუშაობას რომ დაამთავრებს, თქვენ თუ იქნებით ამ კომისიაში და ბოლომდე ჩაყვებით ყველა საკითხს… თქვენ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოთ, გასაგებია, რომ სამუშაოების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარეთ არის დარჩენილი, თავისებურ კუდებს მოაბამს ამ ყველაფერს. მაგრამ ეს სიმართლე თქვენთვის გეცოდინებათ, თქვენ თავში დარწმუნებული იქნებით ამ სიმართლეში და როგორ ჩატარდა ეს არჩევნები ბოლომდე, ძირეულად გეცოდინებათ. აქედან გამომდინარე, მერე თქვენ უკვე იმოქმედებთ სწორი მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობებიც სხვანაირად დალაგდება”, — განაცხადა კაჭარავამ.

დღეს პარლამენტმა უმრავლესობით დაუჭირა მხარი  2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი